ბაკურიანში 16-17 თებერვალს კროსში შეჯიბრი გაიმართება

16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით კროსში შეჯიბრი გაიმართება.

2010 წლიდან სკი კროსი სპორტის ოლიმპიური დისციპლინაა. საერთაშორისო შეჯიბრს საქართველო წელს პირველად უმასპინძლებს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სათხილამურო ფრისტაილი  ერთ-ერთი დისციპლინაა.

სკი კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად მონაწილეობას გულისხმობს. დაბრკოლებებით აღჭურვილი, დაახლოებით ერთკილომეტრიანი ტრასის დაფარვას მოთხილამურეები მინიმალურ დროში შეეცდებიან.

საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარეს სპორტსმენებმა ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან და ავსტრალიიდან.

შეჯიბრში რვა ქართველი მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას. ბაკურიანში ჩატარებულ შეჯიბრში მოპოვებული საერთაშორისო ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.