„ბაკურიანი - 2025“

რომში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „ბაკურიანი – 2025“-ის – „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, „ბაკურიანი – 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, იტალიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. ცერემონიაზე შალვა გოგოლაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სპორტის მინისტრმა ისაუბრა „ბაკურიანი – 2025“-ის ორგანიზებაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის შესახებ და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა ფესტივალს მაღალ დონეზე უმასპინძლოს. ცერემონიის ფარგლებში, სპიროს კაპრალოსმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების სიმბოლო – ზეთისხილის ხე გადასცა შალვა გოგოლაძესა და ლერი ხაბელოვს, რის შემდეგაც საზეიმოდ აინთო „მშვიდობის ცეცხლი.“ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ფიგურულ ციგურაობაში 2017 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორმა ნიკა ეგაძემ და სამთო-მოთხილამურე ანასტასია მირიანაშვილმა. „ბაკურიანი – 2025“ 9-16 თებერვალს გაიმართება, ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის რვა სახეობაში იასპარეზებენ.