პირველი ქართული ოქრო ევროპის ზამთრის ოლიმპიადაზე. წარმატებული აღმოჩნდა ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძეს ასპარეზობა – მან ოქროს მედალი მოიპოვა.
გუშინდელი მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველ მოციგურავეს 58.84 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა. დღეს კი თავისუფალ პროგრამაში გურგენიძემ 128.97 ქულა მიიღო, საერთო ჯამში მოპოვებული 187.81 ქულით კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა. გოგონათა შორის ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალს ესტონელი ელინა გოიდინა დაეუფლა, ბრინჯაო კი შვეიცარიის წარმომადგენელმა, ლეანდრა ციმპუკაკისმა მოიპოვა.
ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ფიგურულ ციგურაობაში შეჯიბრება ბათუმის ყინულის არენაზე გაიმართა. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში 9 თებერვალს გაიხსნა და 16 თებერვალს დასრულდება.