ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის

ბაგრატის ტაძარში წყალი ისევ ჩადის. ინფორმაცია ფაქტის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ სოციალურ ქსელებში გაავრცელა. დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

როგორც ნიკოლოზ ანთიძემ „მოამბეს“ განუცხადა, წყალი ტაძარში 7-8 ადგილიდან, მათ შორის გუმბათის სარკმლებიდან და სახურავიდანაც ჩაედინება. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტაძარზე მიშენებულ ე.წ. კოშკში, რომელიც თანამედროვე კონსტრუქციას წარმოადგენს, ასევე წვიმს. სააგენტო ადგილზე სპეციალისტების გაგზავნას გეგმავს, რომელიც ვითარებას შეისწავლიან.