თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა იმ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს წარადგენს, რომლებშიც, ბრალდების მხარის შეფასებით, ბაჩო ახალაიას დანაშაულის ნიშნების შემცველი ფრაზა ისმის. დაცვის მხარის განცხადებით, აღნიშნული ბაჩო ახალაიას პირადი მოსაზრება იყო და არა დამხობისკენ მოწოდება. შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზის გამო წარუდგინეს: „მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.