ბაჩიაშვილს 11 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ბაჩიაშვილი კრიპტოვალუტების საქმეში დამნაშავედ სცნეს.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს დაუსწრებლად 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე გიორგი გელაშვილის მიერ წელიწადნახევრიანი განხილვის შემდეგ მიღებულ ვერდიქტს სამარცხვინოს უწოდებს თავად ბრალდებული, რომელმაც ქვეყანა საზღვრის გვერდის ავლით წინა კვირას დატოვა. დავის საგანი იყო 43 მილიონამდე ღირებულების 8 986 ბიტკოინი, რომელიც საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბაჩიაშვილმა უკანონოდ მიითვისა. პროკურატურის მასალებში ინვესტორად ბიძინა ივანიშვილია მითითებული, რომელსაც გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ინვესტორის მიერ გაღებული ინვესტიციების შედეგად მიღებული მოგება არ გადასცა. გიორგი ბაჩიაშვილი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამტკიცებს, რომ 2015 წელს მიღებული თანხა არა ინვესტიცია, არამედ სესხი იყო. სურვილის მიუხედავად, ბრალდებულს საბოლოო სიტყვით დისტანციურად თქმის საშუალება მოსამართლემ არ მისცა.