ბაჩიაშვილისა და ინციდენტში მონაწილე მეორე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელი, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოკითხეს. როგორც ჟურნალისტებს ბაჩიაშვილის ადვოკატმა განუცხადა, გამოძიებისთვის, საკანში ბაჩიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ინფორმაცია, ისეთი სიზუსტით იქნა მიწოდებული, რომ ის გამოძიებას სრულად აძლევს სურათის აღდგენის საშუალებას. გიორგი ბაჩიაშვილის და ინციდენტში მონაწილე მეორე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურნენ პენიტენციურ სამსახურში. ინციდენტში მონაწილე ორივე პირი, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მკურნალობა სტაციონარის პირობებში უგრძელდებათ, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა. ურთქმელიძის თქმით, ორივე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.