თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა, სადაც ბრალდების მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე, ფონდის თანამშრომელი დაიკითხა. დაცვის მხარის თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ იღებდა, პროკურორის თქმით კი, მოწმისგან მიღებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბაჩიაშვილი პროექტის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იჩენდა. სახელმწიფო ბრალდების თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის არაჯეროვნად შესრულებული საქმიანობის გამო, ფონდმა 100 მილიონი დოლარის ზიანი განიცადა. ბაჩიაშვილს ბრალად, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულება ედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომა 18 დეკემბერს განახლდება.