ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს.
ბრალდების მხარის თქმით, ბაჩიაშვილმა პროექტის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა, რამაც შედეგად პროექტის ვადები და ხარჯი გაზარდა. დაცვის მხარე საქმეში ბაჩიაშვილის დანაშაულს ვერ ხედავს და ამბობს, რომ პროექტი დროში კონკრეტული მიზეზების გამო გაიწელა და ერთ-ერთი მიზეზი პანდემია იყო. სხდომას ესწრებოდა თავად გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გაუგებარია, რას ედავებიან მას და რაში გამოიხატა მისი ბრალეულობა. სახელმწიფო ბრალდების თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის არაჯეროვნად შესრულებული საქმიანობის გამო, ფონდმა 100 მილიონი დოლარის ზიანი განიცადა. ბაჩიაშვილს ბრალად, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულება ედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.