ბაჩიაშვილის სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გაიმართა.
საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. მსჯავრდებულმა ბაჩიაშვილმა პროცესზე, ციხეში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და საგამოძიებო უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მას დაზიანებები მის საკანში სპეციალურად შეგზავნილმა პირმა მიაყენა. ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ძალადობის შემდეგ მას ადვოკატთან კომუნიკაციის უფლებაც არ მისცეს. დღეს პროცესზე თავად გიორგი ბაჩიაშვილი დაიკითხა, რომელმაც მას და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავებოდა. საუბარია 39 მილიონ დოლარზე. გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის 27 მაისს დააკავეს.