ბაჩიაშვილის საქმე - ქარუმიძის აღკვეთის ღონისძიება

გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. მას ბრალი გვიან ღამით წარედგინა. დაკავებული ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მოინახულა. გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ერთ პირს, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევის საქმეში ფიგურირებს. ბრალდება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარებას ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსით წარედგინა, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. თავის მხრივ კი, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შეფარდებული პატიმრობის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ პატიმრობა დანარჩენ ორ საქმეზეც დაუსწრებლად შეუფარდა.