საქართველოდან გაქცეული გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი.
დაკავებულია პირი, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გაქცევაში დაეხმარა. როგორც ირკვევა, სამ საქმეზე ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა ქვეყნის დატოვების გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მან გადამყვანს პროცესის ორგანიზებისთვის ფული გადაუხადა. დავალება კი ასეთი იყო: გადამყვანს დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა გადაეკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი და იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა. როგორც ირკვევა, ბაჩიაშვილმა მანქანაში სამალავი თავად მოაწყო. სწორედ გადამყვანის დახმარებით და სამალავის გამოყენებით მივიდა ის სომხეთს აეროპორტამდე, საიდანაც უკვე რუსული პასპორტით გაემგზავრა. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე შეფარდებული პატიმრობის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს დღეს სასამართლომ პატიმრობა დანარჩენ ორ საქმეზეც დაუსწრებლად შეუფარდა. არ არის გამორიცხული ბაჩიაშვილზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდეს.