ბაჩალიაშვილის საქმე

ცნობილი ხდება ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია სახელდება. ამავე დასკვნამ წამლის ინექციის გზით მიღების ალბათობა გამორიცხა. საქმეში დევს აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებიც, სადაც თამარი პირად ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით პროკურატურა თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, თუმცა ოჯახი და ადვოკატები დღეს გასაჯაროებულ დასკვნებს არ ენდობიან. არაერთი მოთხოვნის შემდეგ ადვოკატის მხრიდან დღეს პირველად დასახელდა იმ პირის ვინაობა, რომლის მიერ მიწოდებული სატელიტური ფოტოები გამოძიებამ დღეს გაყალბებულად გამოაცხადა და კონკრეტული შეუსაბამობებიც მიუთითა.

გამოძიებით ასევე მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც  დასტურდება მის მიერ „გუგლის“ ანგარიშზე გააქტიურებული „თაიმლაინის“ მონაცემებით. ბაჩალიაშვილი რამდენიმე სოფლის გავლით მარნეულის მიმართულებით მიდის. ბოლო ლოკაციიდან სოფელ გოლთეთიდან კი ბრუნდება რუსთავის გზატკეცილზე და აგრძელებს გზას თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, სოფელ მაწევანთან  მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. ეს ლოკაცია გარდაცვლილის „გუგლის“ ანგარიშის მიხედვით, სწორედ ის ადგილია, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.

დატოვე კომენტარი