B ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე დაბალი მიმართვიანობაა.
პროგრამის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე დიაგნოსტიკა 750-მდე ადამიანმა გაიარა, მათგან 250-მა მკურნალობა უკვე დაიწყო. ამ მონაცემებს ექიმები არასაკმარისად მიიჩნევენ და მოქალაქეებს ტესტირების გავლისკენ მოუწოდებენ. დაავადება საწყის ეტაპზე შესაძლოა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს. პროგრამაში 15 კლინიკაა ჩართული. დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავს. უფასოა ვაქცინაციაც იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც დიაგნოსტიკის დროს B ჰეპატიტი არ დაუდასტურდებათ. პროგრამის ამოქმედების მიზანი 2030 წლისთვის ვირუსული ინფექციის ელიმინაციაა. 2002 წლიდან B ჰეპატიტი სავალდებულო აცრის კალენდარში შევიდა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის სამიზნეები მანამდე დაბადებული მოქალაქეები არიან.