აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი თბილისში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ისევე როგორც სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომ განვითარებას. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას.

პირისპირ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დღესვე, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.