აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას, ასევე შესრულებული სამუშაოსა და გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩს განუცხადეს.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 15 ივლისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოდან ადამიანთა ჯგუფმა დაარღვია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, „ქეშიქ-ჩიდაღის“ კომპლექსთან   თავს დაესხა მესაზღვრეებს და შეურაცხყოფა მიაყენა მათ. „წუხილით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების სულისკვეთებას და ვაფასებთ ამას, როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნისკენ მიმართულ პროვოკაციას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.