აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

რა როლი აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს შუა დერეფნის განვითარების პროცესში – ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც თბილისში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პირველმა დიპლომატმა ხელისუფლების პირველ პირებთან განიხილა.

ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის გაზრდილი მნიშვნელობის ფონზე ორი ქვეყანა ახლა საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად და ტვირთის გასაზრდელად გადასადგმელ ნაბიჯებს ერთმანეთთან ათანხმებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ქართულ კოლეგას შეხვდა. დღის წესრიგში იყო სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ერთობლივი გლობალური მნიშვნელობის პროექტების განხილვა. მათ შორის საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით მწვანე ენერგიის ევროპისთვის მიწოდება. ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი.