აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს საშინაო საქმეების მიმართ კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს.
„ევროპული კომისიის მიერ საქართველოს საშინაო პროცესისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს. ისინი ცდილობენ ქართველი ხალხის ნებას შეხედონ კოლონიალური წარსულის პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ალიევმა. როგორც აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა იცის, რომ აზერბაიჯანელები მათ გვერდში უდგანან და შიდა პრობლემები თავად უნდა მოაგვარონ და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა. ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილად აქციეს. „ჩვენთვის საქართველოსთან ურთიერთობები ცალსახად სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენ ერებს ისტორიული კავშირი აქვთ, საერთო წარსულით, რომელიც იყო არათავისუფალი, დამოუკიდებლობის გარეშე. გვაქვს აგრეთვე დამოუკიდებლობის პერიოდი. საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიდანვე მაღალი დონის ურთიერთგაგება, პარტნიორობა, მეგობრობა აჩვენეს და სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილად აქციეს. ეს მხოლოდ ჩვენ, საქართველომ და აზერბაიჯანმა გავაკეთეთ“, – თქვა ალიევმა.