აზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება

პოლიტიკური რეალობა იცვლება საქართველოს მეზობელ ქვეყანაში.

აზერბაიჯანის პარლამენტს ხვალ დიდი ალბათობით დაითხოვენ, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. „მილი მეჯლისის“ დათხოვნის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერებმა რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ მიიღეს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის მიზეზად საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელი შემადგენლობა სახელდება, თუმცა ადგილობრივ ოპოზიციურ წრეებში ამ ნაბიჯს მმართველ გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირებას და საპარლამენტო უმრავლესობის გადახალისების სურვილს უკავშირებენ.

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო. ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი ახლა პრეზიდენტის ხვალინდელ გადაწყვეტილებას ელოდება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. რამდენიმე პარტია ჯერ ფიქრის პროცესშია.