აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის განხილვა

ხმაურიანი საკომიტეტო განხილვების შემდეგ სათამაშო ბიზნესის შესახებ ახალი კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს. ცვლილებებს აზარტული თამაშების ბიზნესი, ასევე ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. პროტესტი იმ პუნქტებს უკავშირდება, რომლის მიხედვით მოთამაშეთა მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე იზრდება, რეკლამირება კი იზღუდება. ახალ რეგულაციებს და კანონმდებლობის გამკაცრებას ხელისუფლება ლუდომანიასთან, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან ბრძოლით და მის შედეგად გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის მოგვარებით ხსნის. სათამაშო ბიზნესი კი მოსალოდნელი ფინანსური ზარალის არგუმენტით კანონპროექტის არსებული სახით მიღებას აპროტესტებს, სხვა შემთხვევაში სპორტის სპონსორობის შეწყვეტით იმუქრება.