ავტოსაგზაო შემთხვევა ხევსურეთში

შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. მობილიზებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც. რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.