ავტოსაგზაო შემთხვევა და დაპირისპირება ბოლნისში

18:06, 31.12.2024

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოში რჩება.

მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი მათგანი მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში, მეორე კი ნევროლოგიურ განყოფილებაში განაგრძობს. სულ ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი გუშინ გვიან ღამით დედაქალაქში რეანომობილით გადმოიყვანეს. ბოლნისსა და მარნეულში ამ დრომდე პატრულირებენ შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათ შორის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, რასაც ადგილობრივებს, ავტომობილის მძღოლსა და ავტომანქანაში მსხდომ ადამიანებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილიც. სოფლის მოსახლეობა სამართალდამცავებსა და ექიმებსაც დაუპირისპირდა. შსს-მ ავტომანქანის მძღოლი, 2003 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზევე დააკავა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ამასთან, შსს-მ სოფელ ნახიდურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე. სოფელ ნახიდურის მაცხოვრებლები კი დამნაშავის მკაცრად დასჯას, ავტომაგისტრალზე გარე განათებისა და სიჩქარის შემზღუდავის მონტაჟს ითხოვენ.

მსგავსი