ავტოკეფალიის აღდგენის დღე
საქართველო ისტორიულ თარიღს აღნიშნავს.
1917 წლის 25 მარტს ქვეყნის უძველესმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეხუთე საუკუნეში მინიჭებული და რუსეთის მიერ 106 წლით ადრე გაუქმებული ავტოკეფალია აღიდგინა და ავტოკეფალური მართვა-გამგეობის უფლება დაიბრუნა. უდიდესი საეკლესიო და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენიდან 109-ე წელი საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების მეცხრე დღეს დაემთხვა. სწორედ ილია მეორის უდიდეს ძალისხმევასთან, მრავალწლიან მუშაობასთან, ისტორიული მასალების მოძიებასთან და საერთაშორისო ავტორიტეტთანაა დაკავშირებული 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალიის აღიარება. იხსენებენ, რომ პროცესში, რომელსაც არაერთი გამოწვევა ახლდა თან, საქართველოს ეკლესიის მეთაური საკმაოდ შეუვალი იყო და მისთვის მთავარი იყო ავტოკეფალიის არა თავიდან მინიჭება, რაც შესთავაზეს, არამედ მისი მსოფლიო დონეზე ცნობა და აღიარება. ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის მტკიცების სიგელები, რომლებიც 36 წლის წინ მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას გადასცა, კონსტანტინეპოლიდან ჩამოსვლის შემდეგ ილია მეორემ სიონის ტაძარში მიიტანა. იქ, სადაც საათების წინ ისტორიული დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი აღავლინეს და 17 მარტს გარდაცვლილი ქვეყნის სულიერი მამის ხსოვნას პატივი მიაგეს.