საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს.
„1917 წლის 25 მარტს, ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა — ეს გახლდათ ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მაშინ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მამულიშვილები – როგორც საერო, ისე სასულიერო პირები იბრძოდნენ, რითაც განამტკიცეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
თუმცა, მაშინ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო – მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება 1990 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ძალისხმევითა და ავტორიტეტით მოხერხდა, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდი მას.
დღესაც, ეკლესია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, სულიერი სიმტკიცისა და ეროვნული ერთობის საფუძველს წარმოადგენს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გისურვებთ მშვიდობასა და სულიერ სიმტკიცეს.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია და სამშობლო!“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერიც.
„1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სულიერი ფასეულობების აღდგენის სიმბოლოდ იქცა. ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილისა და მრავალი სხვა მამულიშვილის ძალისხმევით, ეკლესიამ დაიბრუნა თავისუფლება, რაც ერისა და ბერის ერთიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ავტოკეფალიის ოფიციალურად ცნობა საერთაშორისო დონეზე მხოლოდ 1990 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი პირადი ძალისხმევისა და ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა. ამგვარად, საბოლოოდ აღდგა ისტორიული სამართლიანობა და ქართულმა ეკლესიამ მსოფლიო დამოუკიდებელ და თანასწორ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კუთვნილი ადგილი დაიკავა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია.“- ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.