ავსტრიის კანცლერის მხარდაჭერა საქართველოს

საქართველო მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობს. ავსტრიის კანცლერი ჩვენს ქვეყანაში პირველად იმყოფება. კარლ ნეჰამერის ვიზიტის მთავარი მიმართულებები საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე მსჯელობა, ოკუპაცია და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაა. სამივე კუთხით ქვეყანამ დღეს ძლიერი და მკაფიო გზავნილები მიიღო. კანცლერი დღეს იმ სამუშაოებით დაინტერესდა, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შეასრულა. სტატუსის მომლოდინე საქართველოს ავსტრიის კანცლერი ევროინტეგრაციის გზაზე ურყევ მხარდაჭერას დაჰპირდა და ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. საუბრის თემა იყო უკრაინის ომი და ევროკავშირის სანქციებიც. ამ კონტექსტში დღეს ნეჰამერმა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, პირველ რიგში კი ოკუპაციის პრობლემაზე გააკეთა აქცენტი.