ავსტრიაში ზრდასრულთა ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

ავსტრიაში ზრდასრული მოქალაქეებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდება. შესაბამის კანონს მხარი ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა. ზედა პალატა შესაბამისი რეგულაციის შემოღებას კენჭს 3 თებერვალს უყრის და სავარაუდოდ, დაამტკიცებს, რადგან მმართველ პარტიას მყარი უმრავლესობა ჰყავს. თუ ავსტრიაში აცრა სავალდებულო გახდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი წესი ევროპის ქვეყანაში ამოქმედდება. სავალდებულო აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქალაქეს 3 600-მდე ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება მხოლოდ ორსულებისთვის და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვაქცინის გაკეთება ექიმის რეკომენდაციით აკრძალული აქვთ და ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც „კოვიდ-19“ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანეს.