ავიცრათ ერთმანეთისთვის - ახალი შტამის გავრცელების საფრთხე 

სამხრეთ აფრიკული ახალი შტამის გავრცელების რისკი საქართველოშიც არის.

დაბალი ვაქცინაციის ფონზე ეს საფრთხე კიდევ უფრო მაღალია. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი არ იკლებს. წინა დღეებთან შედარებით, ბოლო ორი დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ იმატებს და 4 000-ს აჭარბებს. რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია. განსაკუთრებით გაზრდილია ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ხუთი დღე რჩება მწვანე საშვების სისტემის ამოქმედებამდე. თუმცა კოვიდ-გადატანილთა მწვანე პასპორტის ვადებთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგებსა და ხელისუფლებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ექვსი თვე თუ უვადო პასპორტი – ექიმები საკოორდინაციო საბჭოს განმეორებითი ინფიცირების გახშირებულ შემთხვევებს ახსენებენ და კოვიდ-გადატანილი მოქალაქეებისთვის პასპორტის მოქმედების ვადის ექვს თვემდე შემცირებას ითხოვენ. ახალი შტამის გავრცელების საფრთხის გამო ექიმების მოწოდებები კიდევ უფრო მკაცრდება.