გამოძიების წინასწარი ვერსიით, ყაზახური ავიაკომპანიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსეთის თავდაცვის სისტემა გახდა.
ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის მთავრობაზე დაყრდნობით „როიტერი“ და „ევრონიუსი“ ავრცელებენ. ეს ვერსია ჟურნალისტებთან საჯაროდ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელმაც ნაწილობრივ დაადასტურა და ავიაკატასტროფის მიზეზად ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევა დაასახელა. არაოფიციალური ცნობით, ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალ ლაინერს „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა. ამ ვერსიას თვითმფრინავის კორპუსზე არსებული დაზიანებებიც ამყარებს. მაშინ როცა თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, რუსეთის თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებდა. დავის საგანია ისიც, რატომ არ მისცეს ლაინერს გროზნოს აეროპორტში დაშვების უფლება. აზერბაიჯანელი დეპუტატი რუსეთისგან ბოდიშს და კომპენსაციებს ითხოვს.