სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. დაღუპულია 177 ადამიანი. ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 9 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. Jeju Air-ის თვითმფრინავი ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავარია სავარაუდოდ ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ამ დროისთვის მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორივე ეკიპაჟის წევრია. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩოი სანგ-მოკმა ტერიტორია კატასტროფის სპეციალურ ზონად გამოაცხადა. ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.