ავიაკატასტროფა ირანში

სავარაუდოდ, 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავიაკატასტროფას ირანში.

სამგზავრო თვითმფრინავი რომელიც თეირანიდან, იასუჯში მიფრინავდა ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა. ავიაკომპანიის ცნობით, ლაინერი მთას შეეჯახა.

თავდაპირველად ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ კატასტროფას ვერავინ გადაურჩა, თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ საბოლოო ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ. მთიან რეგიონში სამაშველო ოპერაცია მეტეოროლოგიური პირობების გამო შეფერხებებით მიმდინარეობდა.

ირანული მედიის ცნობით, თვითმფრინავს რამდენიმე თვის წინ ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.

საჰაერო ხომალდის მგზავრების ახლობლები ამჟამად იასუჯის აეროპორტში არიან შეკრებილები და ინფორმაციას ელოდებიან.

ავიაკატასტროფის შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო, ირანს და დაღუპულთა ოჯახებს საქართველოს პირველი პირები, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებენ.