ავღანეთში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

„თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასული და ტერორისტების სამიზნე ქალაქი – ქაბულში მსხვერპლის რაოდენობა ყოველ საათში იზრდება. ამ წუთის მონაცემებით, ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში ტერორისტული აქტის შედეგად 170 ადამიანია დაღუპული. უმეტესობა ავღანელია, ტერაქტმა იმსხვერპლა 13 ამერიკელი სამხედრო, დაიჭრა 200-მდე ადამიანი. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილი აფეთქებების და ტერაქტების გაზრდილი რისკების მიუხედავად, ქვეყნიდან გასაქცევად ქაბულის აეროპორტში მოქალაქეთა ნაკადები სულ უფრო იზრდება. ევაკუაციის პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა, თუმცა ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მოესწრება თუ არა 31 აგვისტომდე წასვლის მსურველთა დროული გაყვანა. ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა განკარგულება, რომ პენტაგონმა ტერორისტების ლიდერებსა და ინფრასტრუქტურაზე იერიშები მოამზადოს. ქვეყანაში „თალიბანის“ დღის წესრიგი მყარდება, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, მმართველობაში დაბრუნებული რადიკალური დაჯგუფება ყოველდღე ახალ შეზღუდვებს და მოთხოვნებს აწესებს. ავღანეთში შექმნილ ვითარებას გაერო კატასტროფულს უწოდებს.