ავარიული სკოლები – სამინისტროს და მშობლების პოზიციები
ხმაურის და საპროტესტო გამოსვლების შემდეგ თბილისის 21-ე სკოლის შენობის დანგრევის გადაწყვეტილება შეიცვალა.
განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩატარდება შენობის გამაგრებითი სამუშაოები, ზაფხულისთვის კი სკოლის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია დაიგეგმა. ავარიულობის არგუმენტით მანამდე განათლების სამინისტრომ დედაქალაქის ისტორიული სკოლის დანგრევა დააანონსა, რასაც სკოლის პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების მწვავე უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. უკვე დღეს შეცვლილი გადაწყვეტილების მიზეზად დამატებითი ექსპერტიზის შეფასებები დასახელდა, რომლის საფუძველზე გაირკვა, რომ გარკვეული სამუშაოების ჩატარება სწავლის ზაფხულამდე გაგრძელების საშუალებას იძლევა. ახლა მთავარი კითხვაა, რას ნიშნავს ზაფხულისთვის გადადებული სარეკონსტრუქციო გეგმა და წარიმართება თუ არა მანამდე დაანონსებული გამაგრებითი სამუშაოების პარალელურად სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში: ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასთან ერთად მშობლების და პედაგოგების ნაწილის მოთხოვნაა, რომ სკოლაში წინა კვირას შეწყვეტილი სასწავლო პროცესი დაუყოვნებლივ განახლდეს. ამ მოთხოვნებით პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკოლასთან აქცია დღესაც გაიმართა. 21-ე სკოლისგან გასხვავებით, უცვლელი დარჩა მისაქციელის სკოლასთან დაკავშირებული გეგმა. სკოლის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.