ავარიული სახლების პრობლემა ბათუმში

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სამთავრობო მიზნობრივ პროგრამაში“, – კერძო სექტორის ჩართულობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ბიზნეს-სექტორთან კონსულტაციები დაიწყო. პროექტის დეტალები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისა და საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს გააცნო. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოსთან ერთად პროცესში პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას. კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს სახელმწიფო პროგრამის მექანიზმი. პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ქონების შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით. შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად უზრუნველყოფს.