ავარიული ლიფტების პრობლემა

ვისი პასუხისმგებლობაა ლიფტების უსაფრთხოდ მუშაობა – ვაზისუბნის ტრაგედიის შემდეგ თბილისის მერს განმარტებების გაკეთება უწევს.

დედაქალაქის მთავრობა ხარვეზების აღმოჩენაზე პასუხისმგებლობას იხსნის და კორპუსების ამხანაგობებს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებზე მიუთითებს. სწორედ ამხანაგობებს აკისრებს მერია ლიფტების ტექნიკურ ზედამხედველობა-შემოწმებაზე და დარღვევების აღმოჩენაზე პასუხისმგებლობას. მერია საკუთარ როლს მხოლოდ თანადაფინანსების კუთხით ხედავს – ისიც კორპუსების ამხანაგობების მხრიდან გამგეობებისთვის მიმართვის შემთხვევაში. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ძველ კორპუსებში ლიფტების ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ექსპერტები პრობლემად მიიჩნევენ ტექნიკურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირების და შემკეთებლების დაბალ კომპეტენციასაც. როგორც ირკვევა, პროცესი ხშირად საერთოდ ვერ კონტროლდება და ამორტიზებული ლიფტების არაკვალიფიციურად და კუსტარულად შეკეთება ხდება.