ავარია თელავში - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

დღეს დილის 6 საათიდან თუშეთში სამძებრო სამუშაოები განახლდა. ავარიის ადგილზე ორ ადამიანს ეძებენ. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია ხუთი პირი, მათგან სამი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. დაღუპულებს შორის არის მცირეწლოვანიც. ავარიის შედეგად გადარჩა ხუთი მგზავრი, რომლებიც საავადმყოფოში აგრძელებენ მკურნალობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მეოცე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები კი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე თბილისიდან ჩავიდნენ.

სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, – თემის დეტალები „მოამბეში“.