ავარია გომბორზე - მძღოლს რვა წლით პატიმრობა მიესაჯა

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მძღოლს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით,  სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 9 ივნისს, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მძღოლმა, რომელსაც ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეები და მათი ახლობლები გადაჰყავდა, სოფელ თეთრწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახვევში გადაჭარბებული სიჩქარის გამო, შესვლისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადავიდა გზიდან, შეეჯახა გზის დამცავ ჯებირს და ჯერ მცირე ზომის კლდეზე, შემდეგ კი საავტომობილო გზაზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ოთხი მგზავრი, ხოლო თერთმეტმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.