აუდიტის სამსახურში ათი პირი დაიბარეს

წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის გადარიცხული შემოწირულობებისთვის აუდიტის სამსახურში 10 ადამიანი დაიბარეს. უწყებაში კონკრეტულ პარტიებს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საუბარია შემოწირულობებით ლიდერ რამდენიმე პარტიაზე, რომლებსაც სულ ათმა ადამიანმა ჯამში 78 000 ლარი შესწირა.

შემწირველთა შემოსავლებიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახურმა აღნიშნული საეჭვოდ მიიჩნია. საკითხზე დღეს აუდიტის სამსახურში პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრაზე ილაპარაკეს.

მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებზე მონიტორინგის მონაცემები წარადგინეს. მათ შორის საუბარი შეეხო პარტიების შემოწირულებების, დეკლარაციების წარდგენის, წინასაარჩევნო ხარჯებისა და რეკლამირების დაფინანსების საკითხებს.

კომისიის საქმიანობაში 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს. სამუშაო შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდში იმართება.