ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი
6 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებელი ფიქსირდება – მიზეზი სამხრეთის უდაბნოდან მომდინარე მტვრის მასებია, რომელიც ჰაერს მკვეთრად აბინძურებს. შედეგად მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილ ნორმას ორ-სამჯერ აღემატება. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს უნალექო ამინდი. წვიმა ან თოვლი მსგავსი დაბინძურების პირობებში, მთავარი გამწმენდი საშუალებაა. ჰაერში მტვრის ნაწილაკების მკვეთრი მატება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ხველა, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე და ძილიანობა ის სიმპტომებია, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც სპეციალისტები მოქალაქეებს ექიმთან კონსულტაციას ურჩევენ.