სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ვიდეოს ავტორები ადგილობრივ პოლიციაში უკვე გამოჰკითხეს. ინციდენტის ადგილზე ჩავიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. მათ ფერმერებისგან ის პროდუქტი ამოიღეს და დალუქეს, რომელიც მეპატრონის მტკიცებით, დაზიანებული იყო და არა რეალიზაციისთვის, არამედ სოციალურ ქსელში განსათავსებლად ხუმრობის მიზნით გამოიყენეს, მოგვიანებით კი გადაყარეს. სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ საჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე, – აღნიშნულია ინფორმაციაში.