საქართველო მსოფლიოს იმ 50-მდე ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც დემოკრატიამ, ანუ პოლიტიკურმა თავისუფლებამ გრძელვადიანი პროგრესი განიცადა. თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსები „ატლანტიკურმა საბჭომ“ გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით, ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს.
კეთილდღეობის ინდექსის 12-წლიანი გაუმჯობესებით, საუბარია 2013-2024 წლებზე, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან, საქართველოს კეთილდღეობის ინდექსში ისტორიული მაქსიმუმი დაუფიქსირდა – შეფასების 100%-ანი სისტემით 75,5% მიიღო. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა „ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის“ კატეგორიაში მოხვდა. ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრმა, 2012 წლის შემდეგ, მსოფლიოს დემოკრატიული განვითარების 12-წლიანი პერიოდიც შეაჯამა.