ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გზავნილები საქართველოს

ქართული მედიის ყურადღების ცენტრში დღეს ნატოს შტაბბინაც იყო.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გახსნამდე საქართველოს პრემიერი ნატოს გენერალურმა მდივანმა მიიღო. ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის ბოლო მუქარის შემცველი განცხადებებიდან გამომდინარე დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. იენს სტოლტენბერგის ტონი მოსკოვის მიმართ საკმაოდ მწვავე და მკაფიო იყო. ბრიუსელიდან მოსკოვს პირდაპირ უთხრეს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე რუსეთის ულტიმატუმი არ იქნება მიღებული. იყო გზავნილები ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართაც. პოლარიზაციის შემცირება და ოპოზიციასთან მუშაობა უთანხმოების გადასაწყვეტად ნატოს გენერალური მდივნის კიდევ ერთი მთავარი გზავნილია. ნატოში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურება და საქართველოს გაწევრიანების საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარება – ეს კი პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო.