ასი ათასი მოწამის ხსენების დღე
ტრადიციული რიტუალი და მტკვარში ჩაშვებული ყვავილები: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ცოტა ხნის წინ კათოლიკოს-პატრიარქმა მეტეხის ხიდზე წამებულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. შიო მესამემ ადგილზე შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა და უნეტარესმა დღევანდელ დღეს ქართველი ერის გაბრწყინების და ზეიმის დღე უწოდა და მრევლს მოუწოდა, ევედრონ წმინდა მოწამეებს, რათა ასწავლონ, როგორ იყვნენ ერთგულნი უფლის. პატრიარქმა თქვა, რომ მხოლოდ ერთგულების გზამ გადაარჩინა ქვეყანა, რადგან სასტიკი დევნისა და აკრძალვების მიუხედავად, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა. პარაკლისს პრეზიდენტიც ესწრებოდა. რვა საუკუნის წინ, თბილისის აღების შემდეგ სარწმუნოებისთვის თავდადებულ ასი ათას ქრისტიანს თავი მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს. ასი ათასი ქართველი მოწამე ჯალალედინის ბრძანებით 1227 წელს აღესრულა – მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.