აშშ-უკრაინის შეთანხმება მინერალების შესახებ 

არაერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, მრავალთვიანი მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩნდა.

ოფიციალურ ვაშინგტონსა და კიევს შორის მინერალების შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია. როგორც ირკვევა, უკრაინის ხელისუფლებამ აშშ-ის მიერ მანამდე შეთავაზებული ვარიანტიდან კიევისთვის ყველაზე მტკივნეული და მიუღებელი პუნქტების ამოღება მოახერხა. გარიგების მიხედვით, შეიქმნება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი მართვის და შენატანის თანაბარი პირობებით, ნედლეულზე კონტროლი კი უკრაინის ხელში დარჩება. შეთანხმებაში საუბარია ამერიკის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებაზეც. აშშ-ის პრეზიდენტი ომში მყოფი ქვეყნისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას დათანხმდა. შეთანხმების შინაარსით ორივე მხარე კმაყოფილია. ახლა საინტერესოა, როგორ აისახება სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტის გაფორმება ომის დასასრულებლად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.