აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება
აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარედგინა. თამარ ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. იგი ასევე მუშაობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ხოლო 2018-2020 წლებში იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. თამარ ტალიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.
მართველი გუნდის განცხადებით, აშშ-მა შემჭიდროებულ ვადებში გასცა თანხმობა თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და იმედია, კარგი დასაწყისი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის.