აშშ-სთან საქართველოს მემორანდუმის გაფორმებას თბილისში პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა

აშშ-სთან საქართველოს მორიგი მემორანდუმის გაფორმებას თბილისში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი მემორანდუმის გაფორმებას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. თუმცა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აშშ-სთან, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, მხოლოდ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები და ადამიანის უფლებების დაცვა გაძლიერდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ახალ, კიდევ უფრო მჭიდრო კავშირზე გადადის.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მემორანდუმიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდება, წელს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხუთწლიანი ჩარჩო შეთანხმების გაფორმებაც იგეგმება.