აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომელშიც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის მიერ გამართული შეხვედრაა შეფასებული.

განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით კონკრეტული პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტებიც განიხილეს, რომელთა მიზანიც, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაა.

ხაზი გაესვა ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ წარმატებას და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს.