აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სამოგზაურო რეკომენდაციები
საქართველო პირველ დონეს, ანუ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, აშშ-ს მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის შემთხვევაში უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვის რეკომენდაცია ეძლევათ. თუმცა აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების მე-4 დონეა და ამ რეგიონებში გამგზავრება არ შეიძლება, რამდენადაც კრიმინალის, სამოქალაქო არეულობისა და ნაღმების მაღალი რისკია. წერია, რომ ამ რეგიონებში დგანან რუსეთის შეიარაღებული ძალები, რთულია ადმინისტრაციული საზღვრების იდენტიფიცირება, რის გამოც ამ ზონებში გადაადგილებას შესაძლოა, დაკავება, ან დაჯარიმება მოჰყვეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განახლებულ რუკაზე უსაფრთხოების სტატუსები შეცვლილია თურქეთის, ერაყის, საუდის არაბეთის და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის.