ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. სასანქციო დადგენილების მიხედვით, „ბიძინა ივანიშვილი შეიყვანეს იმ პირთა სიაში, რომელთა მიმართაც დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა; დაიბლოკება ქონება, აქტივები, რომლებიც აშშ-შია განთავსებული“. თუმცა, ამასთან ერთად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის „უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის“ ლიცენზია ნომერ 116-ში საუბარია ავტორიზაციაზე, რომელიც ენიჭება ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს. შესაბამისად, გენერალური ლიცენზიით, აშშ-ს მოქალაქეებს აქვთ უფლება, განახორციელონ ტრანზაქციები ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტს ფლობს ივანიშვილი, თუ ეს კომპანია ცალკე არ არის სასანქციო სიაში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს ლიცენზია გარკვეულ ტრანზაქციებს არ ეხება. ეს ლიცენზია არ ეხება სინგაპურის სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებული ტრანზაქციების ავტორიზებას, თუკი ეს ცალკე ნებართვა არ გაიცემა. შესაბამისად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს „კრედიტ სუისთან“ დავის მოგების შედეგად დადგენილ თანხას. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მალევე მოჰყვა ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელშიც ამერიკის სახელმწიფო მდივანი მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ და აშშ ვალდებულია, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში.
„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაშალეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. შედეგად, საქართველო დაუცველი დარჩა რუსეთის წინაშე, რომელიც კვლავ აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას,“ -ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოხდა იმ ბრძანების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც კონკრეტული პირის მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ისეთ ქმედებებში ან პოლიტიკაში ჩართვას გულისხმობს, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით ან სასარგებლოდ “, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.