აშშ-ს საჰაერო იერიში სირიაში

ამერიკულმა ავიაციამ, სირიაში, ამერიკული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, იარაღის საწყობზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიას თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, ავიადარტყმები განხორციელდა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ სამხედრო აღჭურვილობის შეიარაღებული ჯგუფების ხელში მოხვედრა.

გასულ კვირას, აშშ-ს პრეზიდენტმა, სირიიდან ამერიკული ძალების გაყვანის შესახებ განაცხადა, თურქეთის მიერ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების ფონზე. აღსანიშნავია, რომ სირიელი ქურთები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ. ლაფარჯის ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე, აშშ-ის სამხედრო ბაზა ,თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქებს – ქობანისა და აინისას შორის მდებარეობს.