მნიშვნელოვანი შეხვედრა, ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ – ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ.
დისკუსიის მთავარი თემა თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბირთვული შეკავება და უკრაინის მხარდაჭერა იყო. მინისტერიალზე ითქვა, რომ აუცილებელია ნატო უფრო მკაცრ სამხედრო ალიანსად გადაიქცეს. მკაფიოდ გამოჩნდა ის უთანხმოებაც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა პროცესებმა შტატებსა და მოკავშირეებს შორის გააჩინა. კრიტიკასთან ერთად ამერიკის ომის მდივანმა ნატოს წევრებს კიდევ ერთხელ ხაზგასმით განუცხადა, რომ ვაშინგტონი აღარ აპირებს ევროპის უსაფრთხოების ხარჯების საკუთარ თავზე აღებას და დროა ალიანსის წევრებმა თავდაცვისთვის მეტი ფინანსური რესურსი გამოყონ. ვაშინგტონის ზეწოლის ფონზე ხარჯები რამდენიმე ქვეყანამ უკვე გაზარდა, ანონსდება დამატებითი თანხის მობილიზებაც. ახლა განსაკუთრებული აქცენტი 7 და 8 ივლისისთვის თურქეთში ჩანიშნულ ნატოს ლიდერთა სამიტზე კეთდება. ალიანსის წევრებმა ნატოს ახალი სტრატეგია და ხარჯების გეგმა სწორედ ანკარაში უნდა დაამტკიცონ.